აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამო გააკრიტიკა.
„ინფლაცია ჩვენს ხალხს ცოცხლად ჭამს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე შექმნილ კრიზისზე და აღნიშნა, რომ არავის აქვს ასეთი საზღვრები, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე მიკარგულ ადგილებში.
„ჩემი პრეზიდენტობა შესანიშნავი პერიოდი იყო. ის უფრო შესანიშნავი გახდა ბოლო 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი კატასტროფული მოვლენების ფონზე“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად გაიზარდა.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) გასულ თვეში 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 6.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში 0.5%-ით გაიზრდებოდა, ხოლო წლიური მაჩვენებელი – 5.8%-ით.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ოქტომბერში ენერგომატარებლის ფასები 4.8%-ით გაიზარდა, მათ შორის, საწვავის ფასები 1.6%-ით, ხოლო სურსათის ფასები – 0.9%-ით.