გია უდესიანის და, ნატო უდესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გია უდესიანს საჯარო სამსახურშიც უმუშავია, არცერთი ადამიანი,მათ შორის სპორტის დარგით საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად თუ მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში საკუთარი ახირების, პოლიტიკური მოტივის, ვინმეზე ანგრარიშსწორების სურვილით არასდროს არავინ სამსახურიდან არ დაუთხოვია, ლუკმაპური არ წაურთმევია.
პირიქით, ვაჟკაცობით, ქველმოქმედებით, გამტანობით, სამართლინობით უამრავ გაჭირვებულს, ქვრივ ობოლს, ავადმყოფს, დაუძლურებულს, უპოვარს გვერდში დადგომია. გია უდესიანმა მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლინობისთვის ბრძოლას მიუძღვნა.
ამაზე ბევრს, ძალიან ბევრს ისაუბრებენ კონკრეტული ადამიანები, არა მხოლოდ ნათესავები, არამედ მისი სიმართლის, სიკეთის დამნახავ დამფასებელი ადამიანები, არცთუ ისე ცოტანი.
გია უდესიანის წინააღმდეგ დღეს არნახული ბინძური ბრძოლა გააჩაღეს, როგორც კი მისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო მესტიიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ცნობილი გახდა გარკვეული სახელისუფლებო წრეებისთვის.
გია უდესიანის დას ელზა უდესიანს (პროფესიით პედაგოგია) მას შემდეგ, რაც 2001 წელს ქ. თბილისის 36-ე ბაგა-ბაღის დირექტორად დაინიშნა არსებულ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კოლეგებისადმი მხოლოდ მხარში დგომა და თავისი საქმისადმი რაღაც არნახული თავდადება გამოარჩევდა, იგი გუშინ გაანთავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან. ამაზე მე ბევრს არ ვისაუბრებ, ელზა უდესიანის პროფესიონალურ საქმიანობაზე და მის მაღალზნეობრივ პიროვნულ თვისებებზე მისი კოლეგები, პატარა აღსაზრდელების მშობლები ძალიან, ძალიან ბევრს იტყვიან. განსხვავებით ბინძური და ყველაფრის მკადრებელი ადამიანებისგან, მას სკოლამდელი აღზრდის სფეროში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ეს ავტორიტეტი მოპოვებულია მხოლოდდამხოლოდ დაუღალავი კეთილსინდისიერი შრომისა და ნიჭიერების, პროფესიონალიზმისა და უზადო პიროვნული თვისებების წყალობით.
ინგა უდესიანმა (გუგავა) პროფესიით პედაგოგმა,ბაღის დირექტორის თანამდებობა თვენახევრის წინ დატოვა.საზოგადოებამ მის შესახებ უკვე იცის.
რაც შემეხება მე, პროტესტის ნიშნად საკუთარი განცხადებით დავტოვე ჩემი თანამდებობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საკუთარი ნებით წამოსვლით მე გამოვხატავ ჩემს პროტესტს არა მხოლოდ ჩემს ოჯახის წევრებზე დღეს განხორციელებული უპრეცედენტო რაღაც ანგარიშსწორებითი სახის ზეწოლის გამო, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა რეპრესიას, არამედ ჩემი პროტესტი გამოხატავს დღეს არსებული ხელისუფლებისთვის მიუღებელი, ყველა უსამართლოდ რეპრესირებული პირის სათქმელს.”-წერს უდესიანი.