2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფილმი კონკრეტული მაგალითებით აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გაიარა, ხოლო პარასპორტის მიმართ წარსულში და დღეს არსებულ დამოკიდებულებებზე სტატისტიკა მეტყველებს.
„ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მედალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ პარასპორტში გვაქვს სრულიად განსხვავებული მიდგომები, რაც სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 100 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ. ისტორიული იყო ჩვენი გუნდის გამოსვლა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველად ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი ვაჩვენეთ და 9 პარალიმპიური მედალი მოვიგეთ. ასევე მედალი მოვიპოვეთ ყველა სახეობაში, სადაც ლიცენზია ჰქონდა ჩვენს პარალიმპიურ გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პარასპორტსმენების ნიჭს, შრომასა და თავდადებას ამ შედეგების მიღწევაში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას და პარასპორტსმენებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და საკანონმდებლო რეფორმით პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურთან გათანაბრდა, ხოლო პარაათლეტების, მათი მწვრთნელებისა და ექიმების სტიპენდიები და პრემიები – ოლიმპიელთა ანაზღაურებასთან.
ირაკლი კობახიძემ ქართველ პარასპორტსმენებს წარმატებები უსურვა 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშებზე, ასევე მადლობა გადაუხადა ფილმის ავტორებს – რეჟისორ ბაჩო ოდიშარიას, ფილმის პროდიუსერ გიორგი გრძელიშვილსა და მთლიან გუნდს.
პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის წვლილი დოკუმენტური ფილმისა და პარასპორტის განვითარების მხარდაჭერაში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის. სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“. ფილმში აღნიშნული იყო პარასპორტსმენების განსაკუთრებული ერთობა. აქ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარასპორტსმენები ასე უდგახართ ერთმანეთს გვერდში და ყველა ერთად გვერდში უდგახართ ჩვენს სახელმწიფოს. მადლობა, რომ უმაღლეს დონეზე აწიეთ ჩვენი დროშა, ააჟღერეთ ჩვენი ჰიმნი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე. ფილმის მნიშვნელობასა და პარალიმპიური სპორტის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ. ფილმის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები დაესწრნენ.





















