მართლაც უპრეცენდენტოა მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც ნაერთი ბიუჯეტი 21 მილიარდ ლარს აღწევს და 19 მილიარდზე მეტია მთლიანად ბიუჯეტის ასიგნებებები,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე 2022 წლის ბიუჯეტს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.
დეპუტატის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა მიმართულებით, იგეგმება ხელფასებისა და პენსიების გაზრდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ თითქმის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ეს, რაც შეეხება სოფლის ექიმების და ექთნების ანაზღაურებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადების თბილისის ბრიგადებთან გათანასწორებას, დიაბეტიანი ბავშვებისთვის სპეციალური აპარატების შეძენას, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, საჯარო სკოლების პედაგოგების ხელფასის გაუმჯობესებას, პენსიების გაზრდას – ეს იქნება როგორც ბარში, ისე მთაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აქ მოტანილი იყო ომის ვეტერანებისთვის სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესება, განსაკუთრებით, დევნილთა და შრომის სამინისტროში თანხების გაზრდა და ძირითადად, დევნილების საცხოვრებელი სახლების კუთხით და ბევრი პრიორიტეტი, რომელიც თქვენს მიერ იქნა დაანონსებული. ეს ყველაფერი არის მისასალმებელი და ძალიან კარგია, რომ ეს დოკუმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაზეც დგას სახელმწიფო და ყველა სოციალურ-ეკონომიკური პროექტი, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით, სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები, იქნება განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
პარლამენტის წევრი, ასევე, დაინტერესდა, რა ნაბიჯებს დგამს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრების შესამცირებლად და საგარეო ვალის მოცულობის გასაკონტროლებლად.
