მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, კომენტარი დავით სერგეენკომ გააკეთა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და დეპუტატის თქმით, არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ სააკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. კითხვაზე, რამდენად სტაბილურია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სერგეენკო ამბობს, რომ ამაზე შეფასებებს არა ადვოკატები, არამედ ექიმები უნდა აკეთებდნენ.
„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი, პროცენტულად, ბევრად მეტი არაექიმიაკეთებს განცხადებებს, ვიდრე – მისი მკურნალი ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმებმა ამის შესახებ უკვე გააკეთეს განცხადება. მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ და დამერწმუნეთ, რომ არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცადონ ექიმებს თავიანთი საქმის კეთება“, – აცხადებს დავით სერგეენკო.
