სააკაშვილის გადაყვანა არამგონია ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანა.
მისი თქმით, ამ თემაზე პოლიტიკური ოპონენტები სიტუაციის დრამატიზირებას ცდილობენ.
„სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი. შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას. აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული. ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო ჩაითრიონ თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში. უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და უნდა იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, რაც გუშინ ყველა კანონის დაცვით მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
