ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი ქვეყანა ჰყავს – მიმდინარე წლის 30 ივნისამდე მას საფრანგეთი უხელმძღვანელებს, – ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი უნდა იყოს. სუვერენული ევროპის დღის წესრიგი საფრანგეთის პრეზიდენტობით დაჩქარდება. ევროპა უნდა გაუმკლავდეს მთავარ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, მიგრაციულ და სამხედრო გამოწვევებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საახალწლო მიმართვის დროს.
ევროკავშირის ქვეყნები საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ერთმანეთს ყოველ 6 თვეში ცვლიან. ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტი ქვეყანა ხელმძღვანელობს სხდომებს საბჭოს ყველა დონეზე, რაც ეხმარება ევროკავშირის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფას.
ევროპის კავშირის საბჭოზე მისაღებ გადაწყვეტილებებს ამზადებს კორეპერი – მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, რომელთაც სამუშაო ჯგუფები ან მთავრობათა წარმომადგენლები ეხმარებიან. საბჭოს მუშაობას დახმარებას უწევს გენერალური სამდივნო. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელიცაა. მასთან ერთად მუშაობს გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც ინიშნება საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. გენერალური მდივნის მოადგილე პასუხიმგებელია გენერალური სამდივნოს მუშაობაზე. საბჭოში გადაწყვეტილებებს ძირითადად ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით იღებენ.
გერმანიამ თავმჯდომარეობა სლოვენიისგან გადაიბარა. საფრანგეთის შემდეგ კი, 2022 წლის ბოლომდე, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდება.