ყაზახეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, ვითარება ამ დროისათვის სტაბილურია, თუმცა ტერორისტული საფრთხის დონე ჯერ კიდევ მაღალია. სამართალდამცველებს წესრიგის დამყარებაში კოლექტიური უსაფრთხოების ძალები ეხმარებიან, რომლებიც ყაზახეთში პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებიან. ალმათის ოლქში ე.წ. კომენდატის საათია გამოცხადებული. ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს უკვე რუსული კონტინგენტი აკონტროლებს.
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.