ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
დაცვის მხარე ავტომობილის დათვალიერების და ამოცნობის ოქმის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს. აცხადებენ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დარღვევით ჩატარდა. დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე უფლებადამცველების ამ შუამდგომლობას, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
“ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ თემატური, ორი მიმართულებით. პირველი გახლდათ ჩემი დასაცავი პირის ავტომობილის დათვალიერების ოქმი და მიმდინარე დოკუმენტაცია, რომელიც კანონს არ შეესაბამება, ასე მივიჩნიეთ. მეორე გახლავთ ჩემი კოლეგის მიერ დაყენებული, ამოცნობის პროცედურა, რომელიც ასევე კანონს არ შეესაბამება.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლო იკითხავს ბრალდებულების ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის არჩევის თაობაზე. აქ ჩვენი პოზიცია არის – არა.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს არის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხი, სადაც მე ბრალთან დაკავშირებით მაქვს კითხვები,” – ამბობს ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი.
ბოლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება უარყო. მეორე ბრალდებული, გიორგი კავილაძე კი ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.