თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწერილი 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ აღნიშნულს გაასაჩივრებენ.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500, ხოლო პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს დაევალა „ფეისბუქის“, ასევე ოფიციალური ვებგვერდებიდან სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერის წაშლა.
