საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს.
„აშკარაა, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანია. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სიჩქარე და პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 14 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.