კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა წინასწარ პატიმრობას ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.
სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეიკრიბნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები. საპროტესტო აქციაზე პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.