ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.
„ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ნატოს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ნატო რუსეთს წერილობით წინადადებას გაუგზავნის, რათა შეეცადოს წინსვლის გზა გამონახოს.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და სხვა საკითხები, რომელიც აქტუალურია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ასევე მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
