უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით გაგზავნილ პასუხში შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების თაობაზე, ამის შესახებ რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება.
„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, ოღონდ მეორეხარისხოვან თემებზე.
„დოკუმენტის შინაარსში არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, მაგრამ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ლავროვმა.