უკრაინის პარლამენტში ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებებით პანიკას თესავს.
„როდესაც ხალხის უმრავლესობამ დაინახა, რომ შეჭრის სამმა, ოთხმა, ხუთმა „ზუსტმა თარიღმა“ უკვე ჩაიარა, მათ გაიაზრეს, რომ ეს უბრალოდ ხალხის დაშინება და პანიკის დათესვის მცდელობაა. არ ვიცი იმის რეალური მიზეზი, რატომ აკეთებს აშშ ასე, თუმცა ეს უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ არ მუშაობს. გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით. საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მუდმივად საუბრობს ამ საკითხზე, რადგან ეს არამეგობრულია“, – აღნიშნა დავით არახამიამ.
მისი თქმით, ინფორმაცია შესაძლო შეჭრაზე, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო, დაზვერვის სიგნალებს ემყარებოდა.
„ანუ, მაშინ ეს უფრო სერიოზულად გამოიყურებოდა, რადგან დაზვერვის ინფორმაცია ჯარების კონცენტრაციას ცხადყოფდა. ეს თემა მედიაში აქტიურად არ შუქდებოდა. მერე რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა. პირველი ორი კვირა, როდესაც ეს რეალურად ხდებოდა, ეს სამხედრო კომუნიკაციის ნაწილი იყო. ახლა კი ესეც არ არის. ახლა, ვიდრე სადაზვერვო მონაცემები მოვა, ის უკვე The New York Times-ში ან CNN-ზე ქვეყნდება“, – განაცხადა მან.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.