დათა თავაძემ თანამედროვე გერმანელი დრამატურგის მარიუს ფონ მაინბურგის პიესას “შეუხედავი კაცის ამბავი” სახელწოდება შეუცვალა და მას “მახინჯი” დაარქვა. ამ ხერხით რეჟისორმა სპექტაკლის სახელწოდებას ალეგორიული დატვირთვა მიანიჭა და თითქოს მიმართულებაც კი მოგვცა სპექტაკლის სწორად აღსაქმელად. მაყურებლისთვის თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ჩვენ ტრადიციულ სპექტაკლს არ ვუყურებდით. აქ მოქმედება და ტექსტი მკაცრად გამიჯნულია ერთმანეთისგან და უფრო მეტიც, ისინი კონტრასტშიც კი არიან ერთმანეთთან. მიუხედავად წარმოდგენის ასეთი უცნაურობისა და არატრადიციულობისა (ქართველი მაყურებლისთვის), დარბაზი, რომელიც ახალგაზრდებით იყო გადატენილი, თავიდანვე ჩაერთო სპექტაკლში დატრიალებული მოვლენების ფერხულში. აქვე რომ განვმარტო, “არატრადიციულში” ვგულისხმობ ფორმის ჩვენებისა და შინაარსის თხრობის ისეთ მანერას, რომელსაც ქართულ თეატრში იშვიათად, ან საერთოდ არ აქვს ადგილი. რეჟისორის მიერ ამ სახით შემოთავაზებული სპექტაკლის თემა, ფორმა და სიუჟეტის თხრობის სტილი იშვიათობას წარმოადგენს თანამედროვე ქართული თეატრისათვის. სპექტაკლი, ერთი შეხედვით, ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს, თუმცა გარკვეულ მიზანსცენებში ნათლად ჩანს რეჟისორის ცალსახა პოზიცია, რომ ის ასე შეგნებულად აკეთებს და ზუსტად იცის, რისი თქმა უნდა და როგორ. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს იმ რეჟისორთა კატეგორიასათან, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა უნდათ. დათა თავაძემ საკმაოდ რთული გზა აირჩია და შეეცადა წინ აღმართული ბარიერების დაძლევასაც.
დათა თავაძის სპექტაკლში ნათლად ჩანს, სად იწყება და სად მთავრდება რეჟისურა, როდის ემიჯნება ის მსახიობებს და სად არის მსახიობი, როგორც ინდივიდი და თვითმყოფადი შემოქმედი. ფიზიკური თეატრის პრინციპებით დადგმული სპექტაკლი და აბსურდის ჟანრის შორეული გავლენით დაწერილ-წარმოთქმული ტექსტი მისაღები და, სხვათა შორის, ახლობელიც აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ფიზიკური თეატრი კი, თავის მხრივ, გულისხმობს ტექსტისა და ქმედების გამიჯვნას ესთეტიკური კანონებით.
აბსურდულობა, ტოტალური პირობითობა და სრული კონტრასტი დათა თავაძის ახალი სპექტაკლის გაანალიზების ამოსავალი წახნაგებია. თითოეული პოსტულატი ჩვენი თანამედროვე ცხოვრების რეალობაა. ვცხოვრობთ აბსურდულ გარემოში, ტოტალური პირობითობის განცდით და კონტრასტულ სამყაროში, რომელიც იდილიის შეგრძნებას სულაც არ გვიკარგავს. მსგავს ქაოტურ სამყაროში ურთულესია მკაცრი ლოგიკური კანონების შემჩნევაც კი, რომელიც ისე არსებობს, რომ ვერ ხედავ, მაგრამ რეჟისორმა შეძლო ამ ტოტალურ პირობითობაში გულწრფელი დიალოგი დაემყარებინა მაყურებელთან, თანაც ისე, რომ არასდროს ირღვევა თამაშის წესი – თეატრალობა და ერთგვარი გაუცხოება. სისადავის, გულწრფელობის, ყოფითობისა და პირობითობის თუ გაუცხოების სწრაფი მონაცვლეობა სპექტაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდებია. ეს სცენები არაჩვეულებრივად მიჰყავთ მსახიობებს სოსო ხვედელიძესა და კატო კალატოზიშვილს, იაკო ჭილაიასა და გაგა შიშინაშვილს, პაატა ინაურსა და სოსო ხვედელიძეს.
ამბავი, რომელიც სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ხდება, თანამედროვეა. საქართველოში მსგავსი ამბები შესაძლოა ხდება კიდეც, თუმცა მასისთვის საჯარო ჯერ კიდევ არ გამხდარა. ის, რომ ჩვენი თანამედროვეები გამუდმებით იცვლიან სახეს, იკეთებენ ათასგვარ ოპერაციას სხეულზე, უცხო არ არის. საზოგადოებრივი დისკუსიის და სატელევიზიო განხილვის საგანი არ გამხდარა ისეთი ურთიერთობა, სადაც შვილი მაჭანკლობს უცხო კაცს დედასთან, ან კიდევ შვილი უცხო კაცს სთავაზობს ერთობლივ სექსს საკუთარ დედასთან. დათა თავაძის სპექტაკლში მსგავსი ურთიერთობა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, მაყურებელში ეს ეპიზოდები ღიმილს იწვევს, ვიდრე პერსონაჟების მიმართ ზიზღს, თუმცა პარტერიდან გამოსული მაყურებელი, როცა ნანახის გაანალიზებას დაიწყებს, აუცილებლად დაგმობს კარლმანის, მდიდარი ქალის ვაჟიშვილის საქციელს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ რეჟისორი, თითქოს, უბრალოდ გვიჩვენებს, ის პოზიციას არ აფიქსირებს და დასკვნების გამოტანას მაყურებელს მიანდობს, მაგრამ მას იქეთკენ მიჰყავს სიუჟეტი, რომ რეჟისორის პოზიცია მაინც ნათელია.
სპექტაკლის სცენოგრაფია ცნობილ ქართველ მხატვარს მურაზ მურვანიძეს ეკუთვნის. უფროსი თაობის ქართული თეატრის მხატვრობის წარმომადგენლის ნამუშევარი ახალგაზრდა რეჟისორის ჩანაფიქრთან სრულ სინქრონშია. პროგრამიდან რომ არ შეიტყო მხატვრის ვინაობა, სპექტაკლის ცქერისას იფიქრებ, რომ მხატვარიც ისეთივე ახალგაზრდაა, როგორც რეჟისორი, თანაც მის თანამოაზრედაც ჩათვლი. მურაზ მურვანიძე დათა თავაძის თანამოაზრე გახდა. სცენური სივრცე სამ ფერშია (თეთრი, შავი, წითელი) გადაწყვეტილი და მაქსიმალურადაა განტვირთული. დეკორაციის ელემენტები სხვადასხვა ყოფით საგნებად ტრანსფორმირდება, ისინი ხან მაგიდებია, ხანაც სკამები, ხანაც საოპერაციო დაზგა… კოსტიუმებიც ისეთივე პირობითია, როგორც სპექტაკლი, მასზე მხოლოდ დეტალებით არის სხვადასხვა მინიშნება. ავანგარდული, აჩეხილი, თითქოს უპროპორციო შავი კოსტიუმები სპექტაკლში წარმოდგენილი სამყაროს ორგანული ნაწილია.
ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების წარმატების უმთავრესი მონაპოვარი მათი გარდასახვაა. თითოეული მსახიობი ერთდროულად რამდენიმე როლს ასრულებს, ისინი სხვა პერსონაჟად გადაქცევის დროს არ გადიან სცენიდან, არ იცვლიან კოსტიუმებს, არ იკეთებენ გრიმს და მაინც ახერხებენ მეტამორფოზას. ამის მიღწევა ოსტატ მსახიობებსაც კი უჭირთ, დათა თავაძის სპექტაკლში კი სწორედ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ტექნიკის არმქონე, გამოუცდელი მსახიობები ახერხებენ ამას. გარდა ამისა, ეს არის რეჟისორის მიერ შემოთავაზებული ხერხი. რეჟისორი ხაზს უსვამს იმას, რომ მსახიობები მათ თვალწინ იქცევიან სხვა პერსონაჟებად. მიუხედავად იმისა, რომ პიესის სიუჟეტი ბევრმა არ იცის, მაინც ყველაფერი გასაგებია და ბუნდოვანი არაფერი რჩება.
დათა თავაძის სპექტაკლი იმ პრობლემაზეა, რომელიც ასე აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებისთვის. ადამიანი, როცა უარს ამბობს საკუთარ სახეზე, მაშინ ეწყება მას და მის გარშემომყოფთ პრობლემები. თუმცა, როგორც სპექტაკლიდან ირკვევა, პრობლემა მხოლოდ იმისთვის რჩება პრობლემად, ვინაც საკუთარ სახეზე თქვა უარი.
მახინჯის, ანუ ლეტეს როლს სოსო ხვედელიძე ასრულებს. მსახიობი მთელი სპექტაკლის მანძილზე მუშაობს და მაქსიმალურად ხარჯავს ენერგიას. მისი გმირი დიდ და საინტერესო გზას გადის. სოსო ხვედელიძე, რომელიც განსაზღვრავს კიდეც სპექტაკლის საერთო დინამიკას, მობილიზებულია სპექტაკლის მსვლელობის ნებისმიერ მონაკვეთზე, ის არ დუნდება. ლეტე ინტერესიანი და ექსპერიმენტის მოყვარული კაცია. იგი მისი კარიერის გამო თანხმდება ურთულეს ოპერაციას – გამოიცვალოს სახე. წარმატებით დაგვირგვინებული ოპერაციის შემდეგ სოსო ხვედელიძის გმირი პოპულარული და ყველასათვის საჭირო, ამავდროულად, სასურველი პარტნიორი ხდება, მანამ, სანამ სხვა პერსონაჟებიც მის მსგავს ოპერაციას არ გაიკეთებენ და მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მას თანაგრძნობა სულიერი კრიზისის დროს, მარტო რჩება და ამაში სხვა, ან მისი გარშემომყოფები სულაც არ არიან დამნაშავენი. ამას შესანიშნავად გრძნობს და ერთხელ გადაწყვეტს კიდეც თვითმკლელობას, თუმცა უშედეგოდ. სოსო ხვედელიძის გარდასახვის შემდეგ მაყურებელი მის ფიზიკურ მეტამორფოზას ელის, მაგრამ ამაოდ. ეს რეჟისორის ერთგვარი ხერხია, მას გრიმს არ უკეთებს. რეჟისორის მიზანი ხომ ლეტეს პერსონაჟის ხასიათის სრული გამოვლენაა. ფიზიკურად ვარსკვლავთბიჭუნად ქცევის შემდეგ იცვლის ხასიათს გმირი, უფრო სწორად, კი არ იცვლის, არამედ ავლენს იმას, რაც მასში იყო და აქამდე მისი ხასიათის სრულად გამოვლენის საშუალება არ ჰქონდა. აი, ეს არის მთავარი და არა მისი ვიზუალური სხვადქცევა.
განსაკუთრებით მომხიბვლელია ლეტეს ცოლის, ფანის როლის შემსრულებელი კატო კალატოზიშვილი. მსახიობს აქვს იუმორის მაღალი გრძნობა, ფლობს ზომიერი ირონიის ტექნიკას. კატო კალატოზიშვილის ფანი ზომიერად მგრძნობიარე, გამჭრიახი და ინტელიგენტი ქალია, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ის გულახდილია საკუთარ ქმართან, არაფერს ატყუებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მას ისეთი მოსწონს მისი ქმარი, როგორიც იყო. ფანი ერთგული ქალია მანამ, სანამ ქმარის გამოწვევით სახიფათო თამაშში არ ჩაერთვება. ქმართან ღალატის გამო, მის მიმართ მაყურებელს არ უჩნდება ნეგატიური ემოცია, პირიქით, თანაუგრძნობს და გულშემატკივრობს კიდეც მაყურებელი მას. სახასიათო სახეს ქმნის სპექტაკლში იაკო ჭილაია – ფანი, იგივე მდიდარი ქალი და ლეტეს თანამშრომელი. სწორედ ის აცდუნებს ლეტეს, საწოლში ჩაითრიოს, მისი მიზანი ლეტეს, როგორც ლამაზი კაცის თავისვის “დათრევაა”, მაგრამ მაშინვე ამბობს მასზე უარს, როგორც კი მისი შემცვლელი გამოჩნდება. სახასიათო როლებს ასრულებს გაგა შიშინაშვილი – ლეტეს თანაშემწეს და მდიდარ ქალს. ორივე როლი ერთმანეთისგან განსხვავებულიცაა და მსგავსი. დრამატურგმა ისე დაამწკრივა პერსონაჟები, რომ ის ერთი და იგივე მსახიობებმა უნდა შეასრულოს. დრამატურგის ამ კარნახს ზუსტად აუღო ალღო ახალგაზრდების გუნდმა ისე, რომ სცენაზე დაბნეულობა და გაურკვევლობა კი არა, სრული ჰარმონია სუფევს. ლიდერის პოზიცია სოსო ხვედელიძის შემდეგ სცენაზე პაატა ინაურს და მის გმირებს უჭირავს. შეფლერი ლეტეს შეფია, ცივი და უემოციო კაცი, ხოლო მისი ქირურგი-შემოქმედივით ბობოქარი. სწორედ მისი ექსპერიმენტი დაატრიალებს ქარბორბალას პიესაში, მისი წარმატებული ექსპერიმენტი-ადამიანების სახის გაკეთილშობილება-განაპირობებს ადამიანებს შორის ურთიერთობების და თვისებების ახალი მხარეების წარმოჩენას. პაატა ინაური ყოველგვარი ზედმეტი გარდასახვის გარეშე ხატავს ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვევბულ პერსონაჟს. “ახლა, როცა ასეთი ლამაზები და მდიდრები ვართ, ტკბილად დავიძინოთ!” – მიმართვას ის სპექტაკლის ფინალში მაყურებელსაც და მოქმედ გმირებსაც. მიმართვის შემდეგ კი თავადაც იკეტებს ოპერაციას – სახის “გასაუმჯობესებლად”. ტენდენცია, რომელიც დრამატურგისა და რეჟსიორის ერთიან სამყაროში შეიმჩნევა – შეუქცევადი პროცესია, ვირუსის მსგავსია, რომელიც ყველას უნდა შეეყაროს. სახის გადაკეთებას სპექტაკლის ყველა მონაწილე მამრი მიმართავს. შედეგად, ზოგი ბედნიერია, ზოგსაც ეჩვენება ბედნიერება და ზოგიც –სრულიად უბედური.
ეჭვი მაქვს, ჩემი ბევრი მოსაზრებათაგანი შესაძლოა სულაც არ დაემთხვეს თავად რეჟისორის ჩანაფიქრს. შესაძლოა, მან სულ სხვა აქცენტები დასვა, ან უნდოდა დაესვა, მაგრამ სპექტაკლი იმიტომაც არის ასე საინტერესო, რომ თოთოეულ მაყურებელს სხვადასხვაგვარ ასოციაციას და აზრს გაუჩენს. ერთი რამ კი ცხადია, რეჟისორს უნდოდა ეჩვენებინა, რა მოუვა ადამიანს მაშინ, როცა ის საკუთარ გარეგნობაზე, კონცეფტუალურად კი ეგოზე ამბობს უარს. რეჟისორი გვიხატავს ლეტეს, იგივე შეუხედავი კაცის გადაწყვეტილების შედეგს. ის უბრალოდ გვიჩვენებს ამ შედეგებს და არაფრისკენ არ მოგვიწოდებს. თითოეულმა მაყურებელმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორ სჯობს იცოცხლო: – შეცვლილი, ახალი სახით, იგივე შენს მიერ გადაკეთებული, ხელოვნური პიროვნებით, თუ –ბუნებრივი, ღვთისგან ბოძებული სახით. დარწმუნებული ვარ, პარტერში მსხდომთაგან ლეტეს დამცველებიც და გულშემატკივრებიც გამოუჩნდებიან, მაგრამ უფრო მეტი მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან.