მთავარია, ის ლოგიკა დავანახოთ საზოგადოებას, რომელსაც ავითარებს „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო ძალა, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას ადგენს და ლოგიკა, რომელსაც ამას უპირისპირებს ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი ლოგიკა, სულისკვეთება და განცხადებები მიმხრობილია და მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინისადმი ვართ სოლიდარულები და უკრაინის ინტერესებს ვეფუძნებით. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის მთავარი ამოცანა და ინტერესი დღეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ომის არდაშვება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში, სამწუხაროდ ზიანი და ტკივილი მიადგება უკრაინას. ომი ისედაც ტრაგედიაა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომებში, როგორც წესი, რუსეთი უფრო სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი განცხადებების და რეზოლუციის სულისკვეთებაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ინტერესებს, მშვიდობას და ამ მშვიდობით ვიცავთ ვიცავთ ასევე ჩვენს ინტერესებს და მთლიანობაში რეგგიონის ინტერესებს“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, თავის მხრივ, ოპიზიციის სულისკვეთებაა, რომ კონფლიქტი გაამწვავოს. „ისინი ცდილობენ, ხმამაღალი განცხადებებით დაამტკიცონ, რომ თითქოსდა უფრო პატრიოტულები და უკრაინის მხარდამჭერები არიან. ეს რიტორიკა, როგორც 2008 წლის ომის დროს იყო დამაზიანებელი, როდესაც ამ კონფლიქტის გამწვავებას ემსახურებოდა, დღესაც ასევე დამაზიანებელი უკრაინისთვის, რეგიონისთვის და საქართველოსთვის. ოპოზიცია აქეთკენ გვიბიძგებს. ისინი თითქოს ომში ხედავენ ერთგვარ შანსს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.