საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის პოლიტიკურ ხელძღვანელობას საერთაშორისო სამართლის დონეზე დაელაპარაკა, პარალელურად, ძალაც აჩვენა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზები ისევ გამართლდა. პოზიტიური ძვრები უკვე სახეზეა. ომი არავის უნდა. კუნთების თამაში დამთავრდება, ნელ-ნელა ის დიპლომატიური დიალოგის, შეთანხმებების, გარიგებების და დიდი პოლიტიკის ქვეტექსტების ენაში გადადის. საქმე ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ტონიც დაარბილა და საზოგადოებას ქვეტექსტების გარეშე დაელაპარაკა. მათ განაცხადეს, რომ ომი არ უნდათ, რადგან ხვდებიან, რომ მათ დიდ კონფლიქტში ჩაითრევენ. მართალია, კონფლიქტი მათ დაიწყეს, პოლიტიკური ურთიერთობა მათ დაძაბეს. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობამ, ერთსულოვნებამ, ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. რუსეთის პოლიტიკურ ხელძღვანელობას ისინი საერთაშორისო სამართლის დონეზე დაელაპარაკნენ, პარალელურად, ძალაც აჩვენეს. სერიოზული გაფრთხილებები იყო. რამდენადაც ვიცით, რუსული არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის საზღვრებიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ დაიძრა, ანუ გაიყვანეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ამოიწურა და იძულებით დაყოლიების ახალი სერიები არ იქნება. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ მას ომი და კონფრონტაცია არ სურს, პოზიტიური ცვლილებების იმედს იძლევა.
შეგახსენებთ, ჩვენი პროგნოზები 2013 წელს ძალიან არასახარბიელო იყო. ერთადერთი ძალა ვიყავით, რომელმაც ვთქვით, რომ რუსეთი ყირიმში შეიჭრებოდა. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაგვეთანხმა, მაგრამ როდესაც ეს მოხდა, შემდეგ ინტერვიუებისთვის დაგვდევდნენ. მაშინ ისეთი მოცემულობა იყო, რომ უკრაინის არმია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა, არც ამდენი ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდათ, როგორიც ახლა აქვთ, არც ფინანსები ჰქონდათ, არც საერთაშორისო საზოგადოება იყო მზად ერთიანი ძალისხმევით, ყველა მისაღები მეთოდით, სამეზობლო პოლიტიკაში რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესია შეეჩერებინა. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას ფინანსურადაც დაეხმარნენ, მათი არმია ტექნიკურადაც აღჭურვეს, ცოცხალი ძალითაც ეხმარებიან. ასე რომ, რუსეთის პოლიტიკურ ხელძღვანელობას გამოსავალი აღარ დაუტოვეს”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელი არაა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებს.
„რუსეთი მიხვდა, რომ კუნთების თამაშით დასავლეთს ვეღარ შეაშინებს. უფრო სწორად, დასავლეთმა მოიცალა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქვენაგრძნობები და ინტერესები კარგად გაიცნო, მოემზადა და ზუსტად ის ძალა დაახვედრა, რაც რუსეთს გააჩერებს. ჩვენ არ გვგონია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყოს. ის პროცესს დიალოგის რეჟიმში გადაიყვანს. სხვათა შორის, დასავლეთმა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ დიალოგით შანსი მისცა, უკან დაიხიოს და კრიზისული მდგომარეობიდან ისე გამოვიდეს, რომ სახე არ დაკარგოს. რაც შეეხება საქართველოს – შემოვა თუ არა საქართველოში რუსეთი. რუსეთი საქართველოში შემოსულია, მას ბაზები აქვს ცხინვალსა და აფხაზეთში, რომლის გაყვანასაც სთხოვენ. ეს თხოვნა უკვე მოთხოვნაა. რაც შეეხება თავნებობას და თავხედობას, თუ ფიზიკური ძალით შემოსვლა კიდევ გაბედა, მას რეგიონში თურქეთის ინტერესები ისე მძიმედ დაუპირისპირდება, რომ „3+3“ ფორმატი თავის საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდება“, – განაცხადა კასრელიშვილმა.