საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი, ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები, რათა თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თავად შეუძლიათ, რომ შექმნან კომისია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას.
„თუ ჩვენი აზრი გაინტერესებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რისთვისაც პატიმრობაშია სააკაშვილი, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე ნათქვამი აქვს, რომ რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი ხელმძღვანელობით მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არც არაფერია. ნებისმიერ სხვა საქმეზე, გადაკვეთა თუ არა საზღვარი, იცით, რომ მიდის სასამართლო პროცესები და ცხადია, იქ მტკიცებულებები არსებობს. ასე რომ ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
