მიხეილ სააკაშვილის წინა სასამართლო პროცესისგან განსხვავებით, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც არ მისულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ ამბობენ, სად არის მათი პარტიის ხელმძღვანელი.
„ვერ გეტყვით სად არის, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ [მიხეილ სააკაშვილის] ყველა პროცესზე იყოს. წინა პროცესზე ის აქ იყო, სასამართლოს ეზოში. ამ ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა მიხეილ სააკაშვილი, რომელის გათავისუფლებაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამიტომ, ამისთვის, მთელი პარტია და, მათ შორის, ნიკა მელია, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ აპირებს და პარტიის შიგნით არც დაპირისპირებაა.
„ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და არც არავინ. დღეს მთავარი ამოცანა არის არა დიდი კონფლიქტების გაღვივება, არამედ პირიქით, კონსოლიდაცია, შეკავშირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზოგადოების სამსახურში უფრო აქტიურად ჩაყენებასთან დაკავშირებით, რაც პირველყოვლისა გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ასევე ყველა იმ ამოცანის რეალიზაციას, რომელიც აქვს დასახული ჩვენს პარტიას ნიკას ხელმძღვანელობით და სხვა ლიდერების ხელმძღვანელობით, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
