ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
„პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ დაუშვა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.
მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადება განმარტა.
უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ელჩის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი და არცერთი გადაწყვეტილება მისი ნორმების საწინააღმდეგოდ არ მიიღება.