რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების დანაყოფები, რომლებმაც თავიანთი ამოცანები შეასრულეს, დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ მოძრაობას დაიწყებენ“, – აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინის მახლობლად რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. მოსკოვი უარყოფს მსგავს გეგმებს და დასავლეთს „ისტერიაში“ ადანაშაულებს.
14 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა და თავდასხმისთვის მოულოდნელი საბაბის შექმნა.