მოსკოვიდან არის იმის ნიშნები, რომ დიპლომატიური გზა უნდა გაგრძელდეს, ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი ჯერჯერობით არ გვინახავს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„რუსეთმა უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალა დააგროვა, რაც უპრეცედენტოა ცივი ომის შემდეგ. ახლა ყველაფერი მზად არის ახალი შეტევისთვის, თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ უკან დაიხიოს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომისთვის მზადება და მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მუშაობა უნდა დაიწყოს. ნატოს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირი დაუჯდება“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო მზად არის განიხილოს ნატო-რუსეთის ურთიერთობები, ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის უკრაინაში და მის გარშემო სიტუაცია და რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი.
„თუმცა, ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არასდროს წავალთ. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.