უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„ადვილია იმის თქმა, რომ ერთ-ორ კვირაში პრეზიდენტების დონეზე შევხვდებით. არა. ეს მოხდება შემდეგი გზით. უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლები, მათ შორის დონბასში, რის შემდეგაც უკრაინას მოლაპარაკებებში ექნება უფრო არსებითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას შეეძლება გარკვეული პირობების კარნახი. ამის შემდეგ პრეზიდენტები შეხვდებიან. ამას შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს, შესაძლოა სამი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთს ჯერ ბოლომდე არ ესმის, რომ უკრაინასთან აუცილებელია საუბარი თანაბარ პირობებში, სულ მცირე და მაქსიმუმ კი, უნდა უსმინოს უკრაინას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც შეეხო:
„მინდა, ყველამ გაიგოს, რომ რუსეთმა უნდა მოიშოროს თავისი იმპერიული ილუზიები და უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამას გააკეთებს; რამდენი დრო დაგვჭირდება ამისათვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ უკრაინის უსაფრთხოების განსაზღვრული, ძალიან ძლიერი გარანტიები, რომ სამუდამოდ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები ისეთი ქვეყნების იმპერიული ამბიციებისგან, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია და პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებებს მაშინ, როცა ჩვენ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.