ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას შინაარსიანი და საინტერესო უწოდა.
„პირველი შეხვედრაა პირისპირ, რადგანაც მანამდე გვქონდა ძალიან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, მართლაც ღირსშესანიშნავი შედეგებით. ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში. ასე რომ, გილოცავთ. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა შულცმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, ქვეყნის ურთიერთობები რეგიონულ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები.
„დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში. ჩვენი შეხვედრა გაიმართა ძალიან მეგობრულ გარემოში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი აზრთა გაცვლა“, – განაცხადა შულცმა.