ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვისვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, სადაც აისახა საქართველოს მოსახლეობის ნება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.