საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პროტოკოლის უფროსად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ივანე ნონიაშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს _ ნინო ბიწაძის თქმით, ნონიაშვილი სამინისტროში უკვე დადის:
_ არ ვიცი, ოფიციალურად დაიწერა თუ არა მისი დანიშვნის ბრძანება, თუმცა, იგი სამინისტროში დადის _ გვითხრა ბიწაძემ.
დანიშვნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ნონიაშვილმაც დაგვიდასტურა. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მუშაობაში დისკომფორტს არ გრძნობს.
_ არაფერია განსაკუთრებული. მე ადრეც ვმუშაობდი ოლიმპიურ კომიტეტში. პოლიტიკის ცვლილება არაფერ შუაშია, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ნონიაშვილმა.
ივანე ნონიაშვილი 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო, შემდეგ კი _ ბრიფინგებისა და აკრედიტაციის ორგანიზაციის განყოფილების უფროსი.
2006 წლის ივლისიდან 2009 წლამდე ნონიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა, ხოლო 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა იგი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ ნონიაშვილი ერთადერთი კადრი არ არის სააკაშვილის გარემოცვიდან, ვინც ბოლო დღეებში ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაინიშნა. ახალმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და 2012 წელს “ნაციონალურ მოძრობას” 35 000 ლარიც კი შესწირა, პირველ მოადგილედ ასევე სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკი _ ირაკლი მატკავა დანიშნა.
მატკავა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ხოლო, 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებიდან 7 დღეში _ 9 ოქტომბერს, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” დააფუძნა. დამფუძნებლებს შორის, მატკავას გარდა, არიან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი, იუსტიციის სამინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო გიგაური, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა უტიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია და სხვები.
უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მატკავას ბიოგრაფიაში არ წერია.
წყარო: გურია ნიუსი