აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მადრიდის სამიტის ძირითადი საკითხები განიხილეს.
ბლინკენის თქმით, სამიტზე ალიანსი მიიღებს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას.
„დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, განგვეხილა ძირითადი საკითხები მოახლოებული ნატო-ს სამიტის, რომელიც გაიმართება მადრიდში რამდენიმე კვირაში. სამიტზე ალიანსი მიიღებს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, პირველად 2010 წლის შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია გამოწვევების დაძლევა დღეს და ამასთან, გავითვალისწინოთ სამომავალო გამოწვევები.
ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული მავნებლური ქმედებებით კიბერსივრცეში, ჩინეთის სწრაფ მილიტარიზაციას, მის უსაზღვრო მეგობრობას რუსეთთან და ქმედებებს, რათა დაასუსტონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რაც მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის და უსაფრთხოების ძირითადი საფუძველია.
ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ევროკავშრთან და ინდოეთ-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, ვზრდით ნატო-ს ბიუჯეტს და ვაახლებთ ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებს. სტრატეგიული კონცეფცია ასახავს ყველაფერ იმას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. ეს არის ევროპაში უსაფრთხოების ახალი სურათი და პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, წამოეწყო უაზრო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მეოთხე თვეა, მიმდინარეობს. უკრაინელი ხალხი იბრძვის ძალიან მამაცურად, აშშ-ის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ნატო-ს ყველა წევრის ჰუმანიტარული,სამხედრო და ფინანსური დახმარებით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
ამასთან, ბლინკენის განმარტებით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააანონსა უსაფრთხოების სისტემების ახალი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, რათა უკრაინა შეიარაღდეს იმ ახალი შესაძლებლობებით და თანამედროვე იარაღით, რაც ზუსტად სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან რუსეთის აგრესიისგან.
„ის მოიცავს თანამედროვე სარაკეტო სისტემას, რითაც შეეძლებათ მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურება ბრძოლის ველზე უკრაინაში, შორი დისტანციიდან. ეს არის იმ სტრატეგიის გაგრძლება, რომელიც დაიწყო რუსეთის შეჭრამდე. ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, მივაწოდეთ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა, რათა მოეგერიებინათ რუსეთის აგრესია და ჰქონოდათ ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არის არა მხოლოდ აშშ-ის პოზიცია, ნატო-ს ყველა წევრი არის ჩართული, ერთიანი და ერთგული, რათა უზრუნველყონ უკრაინის მხრიდან მისი სუვერენტეტის, დემოკრატიის და დამოუკიდებლობის დაცვა.
ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს მკაცრი შედეგების მომტანი ქმედებები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, უპრეცედენტო სანქციების დაწესებით, ექსპორტზე კონტროლით და დიპლომატიური ზეწოლით. ერთობლივად ჩვენ ვიმოქმედეთ ჰუმანიტრული კრიზისის დასაძლევად, რომელიც გამოიწვია რუსეთის ქმედებებმა. 6 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა, ხოლო უფრო მეტი იძულებით გადაადგილებულად იქცა უკრაინის შიგნით. პრეზიდენტი პუტინი იმედოვნებდა, რომ მისი ომი უკრაინაში გაყოფდა ნატო-ს, ამის ნაცვლად მან მიიღო გაერთიანებული ნატო და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიდგებით დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის გვერდით ამ საშინელი ომის დასრულებამდე და მის შემდეგაც. გარწმუნებთ, რომ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. მოკავშირეებმა გაზარდეს თავიანთი თავდაცვითი მდგომარეობა. ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავისროლეთ 20 ათასზე მეტი დამატებითი ჯარისკაცი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ამასთან, ნატო-ს მოკავშირეები ზრდიან საკუთარ სამხედრო ყოფნას სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო გასულ თვეს ფინეთმა და შვედეთმა შემოიტანეს განაცხადი წევრობაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არის გამარჯვება დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ ნატო-ში გაწევრიანებას არა იმის გამო, რომ მათ ლიდერებს აძალებენ, არამედ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს.
„თუ ვინმეს აინტერესებს განსხვავება დემოკრატიასა და რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, მათ შეუძლიათ, მხოლოდ შეხედონ რუსეთს, ფინეთს და შვედეთს. ერთი ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, რათა აწარმოოს ომი, ხოლო მეორე უსმენს საკუთარ ხალხს, რომ აირიდოს ომი. აშშ ძლიერ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რათა გახდეს ნატო-ს წევრი იმდენად სწრაფად, რამდენიც შესაძლებელია. აშშ გააგრძელებს ახლო პარტნიორობას ამ ქვეყნებთან. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რუსეთის მხრიდან ნებისმიერ საფრთხეს მათი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ მას შევაკავებთ და თუ საჭირო გახდა, დავუპირისპირდებით აგრესიას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
