სიმართლე გითხრათ, მიკვირს ის ყველაფერი, რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ხდება. შიგნით რა ხდება, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს და მხოლოდ მათ იციან. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რეალურად რა გახდა ამ მოვლენების განვითარების მიზეზი? გარედან რეალურ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა, გასაკვირია ეს ყვეაფერი. რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ეს მათ არაფერში წაადგებათ. სამომავლოდ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პარტიაზე და მის რეიტინგზე. შეუძლებელია, რომ ამ პროცესებმა ასახვა არ ჰპოვოს თავად პარტიაზე, მის მომავალზე და უკვალოდ გაიაროს. ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი, სააკაშვილის რეიტინგია. თუ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა, მაშინ ცხადია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენილებს რეიტინგი დააკლდებათ. სააკაშვილს კი პარტიული ინფრასტრუქტურა დააკლდება. ამდენად, ორივე შემთხვევაში ორივე მხარე წაგებული რჩება”, – აცხადებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალ თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დავით ბაქრაძის თავმჯდომარედ არჩევა სააკაშვილს გააღიზიანებს”/ “ნაციოონალური მოძრაობის რეიტინგის დიდი ნაწილი სააკაშვილის რეიტინგია”.
” სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს კვლავ საქართველოს უკავშირებს და ყველა მისი საგარეო მომქმედება , მისი უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა, სწორედ ამით არის განპირობებული. მას სურს, რომ ამ საგარეო ქმედებით შეინარჩუნოს აქტუალობა, მოიპოვოს გარკვეული დივიდენდები, რათა კვლავ დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკას, არა როგორც დამარცხებული, არამედ, როგორც გამარჯვებული. შესაბამისად, ის პროცესები, რაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს, მას არ აწყობს. თავის მიერ დაფუძნებული პარტიიდან გაშვება თუ გადარჩევა მას არანაირად არ აწყობს. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ ჰქონდეს დამარცხებულის სტატუსი. სააკაშვილისნაირი ადამიანები ასე მარტივად არ ნებდებიან და არ მიდიან პოლიტიკიდან”, – აღნიშნავს რესპონდენტი.
“ახალაია, როგორც ჩანს, ბუას როლში ჰყავთ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის შიგნითაც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ამით აშინებდნენ დანარჩენებს, რომ თუ არ დამშვიდდებით, ახალაიას კლანი მოვა და ჩაიგდებს პარტიას ხელშიო. არა მგონია, რომ ეს რეალური იყოს. ახალასიას კლანი გასაგებია, ვინც არის, თუმცა იმ ადამიანებს არ აქვთ ისეთი გავლენა და რესურსი, როგორიც, მაგალითად, გიგა ბოკერიას ან მიხეილ სააკაშვილს აქვთ. რაც შეეხება 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ყრილობას, მიხეილ სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე. სააკაშვილს არ აქვს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის იურიდიული უფლება და შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობაში არის მხოლოდ ფორმალურად. დღეს ითვლება, რომ სააკაშვილი არის პარტიის სულისჩამდგმელი და ლიდერი. ამაშია საქმე. ამიტომ სხვა თავმჯდომარის არჩევა მას გააღიზიანებს. სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომელიც ვერ გუობს სხვის ლიდერობას და წინ წამოწევას. სწორედ ამით არის მთელი ეს აჟიოტაჟი გამოწვეული. მაგალითად, დავით ბაქრაძის არჩევა სააკაშვილს გააღიზიანებს და ამას ვერ შეეგუება”, – ამბობს პოლიტოლოგი.
“რეიტინგის ნახვერაზე მეტი, რომელიც დრეს აქვს ნაციონალურ მოძრაობას, კვლავაც სააკაშვილის დამსახურებაა. ეს არის რეალობა და ამას მეორე მხარე ვერ გაექცევა. თუ ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში თანდათან ჩამოიშოროს სააკაშვილი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და თან რეიტიგიც შეინარჩუნოს, მაშინ კი, მეც დავეთანხმები იმ არგუმენტს, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის ჩამოშორებითა და წარსულის განრიდებით, მეტ დივიდენდს მოუტანს პარტიას, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ იქნება. არ ვიცი, ვისი თამაშია, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ბოკერია გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი ფრთის ლიდერი. გიგა ბოკერია არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ მას აქვს ამავდროულად ერთი პრობლემა – ის არ არის პოპულარული, მასობრივი ლიდერი”, – დასძენს თორნიკე შარაშენიძე და კითხვას – “გამოდის, ბრძოლა არის სააკაშვილისა და ბოკერიას შორის, თუ ვინ გაიმარჯვებს, ეს 20 იანვარს გამოჩნდება?”, – პასუხობს:
“ვერ გეტყვით, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენად უკომპრომისოა ეს ბრძოლა. ჯერჯერობით ეს ასე ცხადად არ ჩანს. ბევრი რამე 20 იანვარს, ყრილობაზე გამოჩნდება.”