ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს, მთავრობის სხდომის ფორმატში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარზეციმსჯელეს. მისივე თქმით, სამი უწყების პირველი პირი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.
„არსებული ინფორმაციით, დღეს, გარკვეულწილად, ხანძრის ლოკალიზება ხდება. შესაბამისად, თუ ქარი არ მოიმატებს და ამინდი საშუალებას მოგვცემს, პრინციპში, ერთი ან ორი დღის ფარგლებში, ხანძრის კერები სრულად უნდა ჩაქრეს. ეს ძალიან რთული პროცესია. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ ქარი ავიაციას [მუშაობის] საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ამ მომენტისთვის, ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა „ცეცხლის მოსახლეობამდე მიღწევის რისკი არ არსებობს“.
