ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვები შემოიღო. ცალსახაა, რომ აქ ადგილი აქვს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. ეს არის აღქმების დონეზე, რასაც ბატონი კახი ფიქრობდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე Credit Suisse-თან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, კახა კალაძის განცხადების შესაბამისად, Credit Suisse-ის ქმედება წარმოადგენს თუ არა ბანკის მხრიდან რეკეტს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მომჩივანი მხარისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
„ცალსახად გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო დაზიანებული. ვფიქრობ, ბანკის გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, როდესაც ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვები შემოიღო და ცალსახაა, რომ აქ ადგილი აქვს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. ეს არის აღქმების დონეზე, რასაც ბატონი კახი ფიქრობდა, რასაც მე განვიცდი და წარმოდგენა მაქვს. რა თქმა უნდა, ბანკის მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში ის, რაც საჯაროდ ჩანს, სამართლიანი ვერ არის. თუმცა, ალბათ, უფრო მეტი იურიდიული ნიუანსი არსებობს, რომელზეც ადვოკატები საუბრობდნენ – ძალიან კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები და საზოგადოებას თავად შეუძლია, გადაწყვეტილებები განსაჯოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
