საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დაშვებული შეცდომის გამო, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯმენტი გადადგა.
„მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა „ისფედმა“ აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა და ვფიქრობ, ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის, როდესაც უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ქვეყანას წინ, რაც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ნებისმიერი პროცესი, რომელიც ინკლუზიურ გარემოს ანგრევს და დანაწევრებას იწვევს, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შეუსრულებლობას გულისხმობს, რომელიც ამბობს, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებები, ISFED-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.