უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის.
მიხაილო პოდოლიაკის განმარტებით, ნებისმიერი დროებითი ზავი ნიშნავს რუსეთის აგრესიის მომავალში გაგრძელებას.
„მოლაპარაკების პროცესი დღეს დააფიქსირებს დროებით ზავს ომში, რომელიც არ დასრულდება. შესაბამისად, რუსეთი ამას გამარჯვებად ჩათვლის და გააგრძელებს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინ წაწევას. მაშასადამე, ზავი ახლა მხოლოდ ომის შემდეგ ეტაპს ნიშნავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის უამრავი მოქალაქე უკრაინაში არ დაბრუნდება და ქვეყანაში ინვესტიციები არ ჩაიდება, თუ ომი სრულად არ დასრულდება.
„ეს იქნება „ნაცრისფერი ზონა“, რომელიც გაიზრდება და მუდმივად ზეწოლას მოახდენს ევროპაზე. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად ჩადოს აქ დიდი თანხები, რათა როგორმე შეინარჩუნოს ეს ტერიტორია სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში. ეს ევროპისთვის წამგებიანია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც კრემლის უკანასკნელი იმედი გაიმარჯვოს უკრაინაში კრახს განიცდის.