პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისია ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპით იმუშავებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.
„კომისიაში წარმოდგენილი იქნება ყველა საკონსტიტუციო ორგანო და იქნება ფართო შესაძლებლობა, წინა კომისიისგან განსხვავებით, რომლის მუშაობასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ამ კომისიამ შედეგზე ორიენტირებულად იმუშაოს. სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილი არცერთი წინადადება, მოსაზრება თუ ხედვა არ დაიკარგება და კომისიაში განსჯის საგანი გახდება“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით სიტყვა ლეგიტიმაციის გამოყენება ოპონენტების მხრიდან სამართლებრივი უვიცობის დემონსტრირებაა.
„მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან უტიფარი ტყუილი მათი მხრიდან, ვინც იცოდა, რომ ეს სიტყვა კომისიასთან არანაირ კავშირში არ არის. კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესს არავითარი დამატებითი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ამ პროცესთან მიმართებაში, ეს სიტყვა საერთოდ არარელევანტურია. მით უფრო – მაშინ, როცა კომისია ყველაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ, პარლამენტმა დაამტკიცა და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რომელსაც ასევე მაღალი სტატუსი აქვს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუცია უნდა იყოს ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრონციპზე იქნება აგებული.
„მიზანი ძალიან ნათელია – ნაწვალები, დაჩეხილ-დამახინჯებული, ძალიან ბევრჯერ ძალადობის მსხვერპლად ქცეული, 9-წლიანი მმართველობის პერიოდში 53-ჯერ შეცვლილი კონსტიტუცია ქვეყნის ძირითად კანონს უნდა დაემსგავსოს. ეს იქნება დოკუმენტი, რომლითაც წლების განმავლობაში ვიამაყებთ“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ყალბი ჭირისუფლის როლიდან გამოხატული პოზიცია ჰქონდა.
„მათ გამოსვლებში გულწრელობის არავითარი მარცვალი არ იყო. ისინი ძალიან ხელოვნურად ჭირისუფლობდნენ და პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას სამძიმრის სახეებით ცდილობდნენ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ იყო გულწრფელი და არც სამაგისო არაფერი ხდება. თუ პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარე იქნება, პროცესს ლეგიტიმაცია ექნება, ხოლო თუ არ იქნება, პროცესს სამართლებრივი სიმყარე არ ექნება?! ეს რა ლოგიკაა?! ეს აბსოლუტური სიბეცეა. ბოკერიას განცხადება ყალბი, ხელოვნური და მისი სიტყვებითვე რომ ვთქვა, ცინიკური იყო. ის საუბრობდა, რომ პრემიერის განცხადება ცინიკური იყო მაშინ, როცა მისი გამოსვლები ყოველთვის მართლაც ცინიკური და დემაგოგიურია “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.