საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანმდევი კანონპროექტები დღეს მეორე მოსმენით განიხილა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ გატანას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ხუციშვილმა და გიორგი კაკაურიძემ წარუდგინეს. მათი განცხადებით, კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, ძირითადად, გათვალისწინებულია.
კომიტეტმა ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივა – ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. გიორგი კახიანის ინფორმაციით, პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არავის ჰქონდა. შენიშვნები კანონპროექტის მიმართ არც მეორე მოსმენისას გამოუთქვამთ და პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად მის გატანას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს პარლამენტის წევრ რომან კაკულიას საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც სხდომაზე ითქვა, კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ ერთობლივ შემოსავლად არ ჩაითვალოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე გაცემული თანადაფინანსების სახსრები. ამგვარად, ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხების 20%-ით დაბეგვრა არ მოხდება, როგორც ფიზიკური პირის შემთხვევაში. დეპუტატთა აზრით, ამან პროგრამის წარმატებულ და ეფექტურ განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განსახილველად კიდევ ერთი საკითხი გამოიტანეს, კერძოდ, სარატიფიკაციო დოკუმენტი „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება“.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პირობები არ იცვლება, საკითხი მხოლოდ ორი წლით ვადის გადაწევას ეხება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის განხორციელებას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადად 2016 წლის 20 აგვისტო იყო განსაზღვრული, მაგრამ მიზეზთა გამო ხდება ამ ვადის გადაწვა 2018 წლის 20 აგვისტომდე.
ამ ეტაპისათვის პროექტი შეუფერხებლად ხორციელდება და იგი 2018 წლის 30 დეკემბერს დასრულდება.
კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.