დანამატების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა არ გვაქვს და ამ მიმართულებით პრობლემა არ არის, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილეს ნინო ლომჯარიას, რომლის განცხადებითაც, პრემიების გაცემა შეზღუდულია, თუმცა დინამიკაში სახელფასო დანამატების გაცემა გაიზარდა.
„პრემიებთან დაკავშირებით დაველოდოთ რამდენიმე დღეს და მთავრობის პოზიცია გახდება ცნობილი. რაც შეეხება დანამატების გაზრდას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა არ გვაქვს და ამ მხრივ პრობლემა არ არის“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
გენერალური აუდიტის პირველი მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2014 წლის მთავრობის დადგენილების საფუძველზე პრემიების გაცემა შეიზღუდა, თუმცა დინამიკაში სახელფასო დანამატების გაცემა გაიზარდა და რეალურად პრემიების სახელფასო დანამატებით ჩანაცვლება მოხდა.
შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.