საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.
საუბარი საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის სფეროების გაფართოება მისასალმებელია. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
შეხვედრას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ენრიკო აპრიამოვი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარენ პარუნაკიანი, სომხეთის სამხედრო ატაშე სამველ რამაზიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
2016/12/21 15:42:36
კომენტარები
ნანახია: 1319 ჯერ