„მსოფლიომ გადაიტანა კოლონიალიზმის რამდენიმე ფაზა და მოხდა კოლონიების გათავისუფლება, ეს პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა რუსეთის კონტექსტში. აუცილებელია, ბოლომდე მივიდეს დეკოლონიზაციის პროცესი. რუსეთი იმ სახით, როგორითაც არსებობს, ისტორიული ანაქრონიზმია. არ შეიძლება, ამ სახის იმპერია არსებობდეს თანამედროვე მსოფლიოში“, – აცხადებს ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროსი მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბარში.
არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დაგვიანებული დაშლა სწორედ ახლა მიმდინარეობს და მთელი მსოფლიო 550-წლიანი მონღოლ-თათრული უღლის შემდეგ გაჩენილი იმპერიის დაშლის მოწმეა. ამ მოსაზრების თანახმად, 1991 წელს მეტ-ნაკლებად უსისხლოდ დაინგრა საბჭოთა კავშირი, იყო გამონაკლისიც, მათ შორის, 9 აპრილის მსხვერპლი, მაგრამ როგორ გგონიათ, რეალურად ახლა მიმდინარეობს საბჭოთა იმპერიის ნგრევის პროცესი? მართლაც ასეთი შორეული ფესვები აქვს უკრაინაში რუსეთის შეჭრას, თუ მხოლოდ პუტინის ახირებაა?
– აქ რამდენიმე საყურადღებო ფაქტორია. დავიწყოთ იმით, რომ უკრაინელებს უპირატესობა მართლაც აქვთ და ისინი იმარჯვებენ, უნდა გაიმარჯვონ კიდეც, მათ მთელი მსოფლიო ეხმარება. ეხმარებიან იმიტომ, რომ, ელემენტარულად, რასაც აკეთებს რუსეთი და პუტინი, აბსოლუტურად გასულია საერთაშორისო სამართლის სივრციდან და მთლიანად ეწინააღმდეგება იმ ძირეულ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს საუბარია იმაზე, რომ რუსეთი არა მხოლოდ დამარცხდება უკრაინასთან ომში, არამედ შეიქმნება ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც რუსეთს ვეღარ ექნება ის როლი, რაც აქვს. მსოფლიომ გადაიტანა კოლონიალიზმის რამდენიმე ფაზა და მოხდა კოლონიების გათავისუფლება, ეს პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა რუსეთის კონტექსტში. პირველი ფაზა, როდესაც მოხდა რუსეთის კოლონიების გათავისუფლება, ეს იყო, როდესაც დაიშალა ცარისტული იმპერია, შემდეგ ეს იმპერია ხელახლა შეკოწიწდა და მივიღეთ საბჭოთა იმპერია, რომელიც მოგვიანებით ისევ გაიზარდა, მერე მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა და გარკვეული ტერიტორიების ხელახალი განთავისუფლება, ახლა კი იმპერიის შემდგომ რევანშისტულ ქმედებებს ვხედავთ. აუცილებელია, ბოლომდე მივიდეს დეკოლონიზაციის პროცესი. რუსეთი იმ სახით, როგორითაც არსებობს, ისტორიული ანაქრონიზმია. არ შეიძლება, ამ ტიპის იმპერია არსებობდეს თანამედროვე მსოფლიოში, ეს არის პროცესი, რომელსაც პუტინის აბსურდულმა პოლიტიკამ მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო.
თქვენ აბსურდულ პოლიტიკას უწოდებთ, მაგრამ უკვე პუტინის მეხუთე საპრეზიდენტო ვადაზეა საუბარი. თავად პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია 2024 წელს იყრის თუ არა კენჭს რუსეთის პრეზიდენტად. ასეთი მორალური ტვირთიდან და მძიმე პოლიტიკური შლეიფიდან გამომდინარე, რამდენად გამოუვა პუტინს მეხუთედ პრეზიდენტობა? თუ ეს ისევ გადათამაშება იქნება მედვედევ-პუტინს შორის, რაც ადრეც გვიხილავს?
– ამჯერად აბსოლუტურად სხვა კონტექსტია, ეს არის უკრაინის კონტექსტი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ეს აღარ არის ის დრო, როდესაც 2008-12 წლებში პუტინმა მოახერხა მარიონეტ მედვედევის დასმა. უკრაინასთან დაკავშირებით იმდენად მაღალი ფსონია, რომ პუტინმა საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. რუსეთის დამარცხება უკრაინაში, რაც გარდაუვლად იკვეთება, ავტომატურად ქმნის პრობლემას იმ რეჟიმისთვის, რომელიც დღეს მართავს რუსეთს. ასე რომ, აქ პუტინის არჩევნებზე არც არის საუბარი.
უკრაინული მოვლენები მედვედევსაც ჩაიყოლებს, რომელიც უკრაინელთა დასჯის არანაკლებ პათოსს ავლენს?
– რა თქმა უნდა, აქ არის ამ ელიტის კრიზისზე საუბარი, რომელიც დღეს მართავს რუსეთს. კიდევ ერთხელ ვამბობ, პუტინმა თავი ჩიხში შეიყვანა, მას ბევრჯერ ჰქონდა შანსი და მსოფლიო ლიდერებმაც არაერთხელ გაიმეორეს, რომ მათ სურთ მისცენ ე.წ. სახის შენარჩუნების შესაძლებლობა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ და ვერ გამოიყენა პუტინმა. უკრაინაში ომის წაგება ყველაფრის დასასრულს ნიშნავს მისთვის, მაგრამ წაგება გარდაუვალია. დღევანდელ დღეს პუტინის ფინალი არის ან სასამართლო, ან ფიზიკური დასასრული.
14 მილიონმა უკრაინელმა ომის გამო უკვე დატოვა საკუთარი სამშობლო, შესაძლოა, ეს ციფრი ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზარდოს, რადგან ზამთარი პუტინს მოკავშირედ ესახება. წინასწარი პროგნოზით, პუტინი ელოდება „გენერალ ზამთარს“. ხომ არ გახდება წელიწადის ეს დრო პუტინისთვის „საუკეთესო გენერალი“?
– ნამდვილად ვერ გახდება ზამთარი პუტინის საუკეთესო გენერალი, ეს ზამთარი რთული იქნება უკრაინისთვის, ვხედავთ, როგორი გამეტებით ბომბავს პუტინი უკრაინის ინფრასტრუქტურას სწორედ იმიტომ, რომ ზამთარი უფრო მკაცრი იყოს. რაც შეეხება ევროპის გაყინვას, ასე არ არის. ევროკავშირს გაზის მარაგები შევსებული აქვს, რომელიც ნამდვილად ეყოფა ამ ზამთრისთვის, ალტერნატიული წყაროებიც მოძიებული აქვს. კი, ფასები გაიზარდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ვარაუდობდა პუტინი, პირიქით, რაღაცებზე ფასების კლებაც მიმდინარეობს. ხორბლის თემამ დაგვანახა, რომ რუსეთის შანტაჟის აღარავის ეშინია. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხორბლით დატვირთული გემები მაინც გავიდა. ასე რომ, დღეს ის მოცემულობა ნამდვილად არ არის, რისი გათვლაც ჰქონდათ რუსეთში. პირიქითაც შემიძლია გითხრათ, ეს ზამთარი რუსეთისთვის საკმაოდ რთული იქნება, სანქციების ახალი პაკეტი კიდევ უფრო დააწვება რუსულ ეკონომიკას, რუსეთის ენერგეტიკას, ფასის ზედა ზღვრის დაწესება სერიოზული დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისთვის. ვხედავთ, რაც ხდება რუსეთის ინდუსტრიაში, მრეწველობაში, მათ შორის, სამხედრო მრეწველობაში. შეიძლება რუსეთის სოფლებში ყოფით დონეზე ეს არ იგრძნობოდეს, რადგან იქ ისედაც მოკლებულნი არიან ბევრ რამეს, მაგრამ რუსული ელიტა ყოველდღიურად კარგავს მილიარდებს. რუსეთს უკვე დაყადაღებული აქვს ასობით მილიარდი დოლარი და კიდევ უფრო მეტ დანაკარგს ნახავს. ასე რომ, საკმაოდ რთული იქნება რუსეთისთვის ეს ზამთარი. ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ სანქციებმა გამოიწვია არა მხოლოდ წნეხი რუსულ ეკონომიკაზე, არამედ გამოიწვია რუსეთსა და ჩინეთს შორის უთანხმოების გაჩენა, რადგან ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს პრობლემა შეექმნა რუსეთთან თანამშრომლობის გამო. შესაბამისად, ის იმედები, რაც რუსეთს ჰქონდა ჩინეთის მიმართ, არ გამართლდა ისე, როგორც რუსეთს წარმოედგინა.