დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს სამეგრელოში სკაიპით ჩართვისას ,,მოღალატეები“ ეძახა, ექსპრეზიდენტი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ბაქრაძის ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია.
,,დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა “მოღალატე” არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. 20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქარაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააყენებს.