გადაცემა “იმედის დღეში” გასულმა ექსპერიმენტმა საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ გადაწყვიტა იმ ადამიანებისთვის დაერეკა, ვინც მის სიუჟეტზე უარყოფითი კომენტარები დაწერა და ეკითხა, რატომ მოიქცნენ ასე.
ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც “იმედიდან” დაურეკეს გიორგი ბოლქვაძეა, რომელიც აპირებს, რომ ტელეკომპანიას უჩივლოს.
“გადაცემა “იმედის დღემ” ჩაიწერა და გაასაჯაროვა საუბარი, რომელიც პრივატული მეგონა, არანაირი გაფრთხილება იმის, რომ საუბარი იწერება არ ყოფილა, არც ის, რომ საჯაროდ გამოაქვეყნებდნენ, “იმედის” ტელევიზია რომ ფსკერია, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი რამე იკადრეს. სარჩელი მომზადდება უახლოეს მომავალში, არც კი წარმოგიდგენიათ, რა გელით”, – წერს ბოლქვაძე.
მისი თქმით, ამ პიროვნებების მობილურის ნომრები საერთო ნაცნობების მეშვეობით მოიპოვა.
“ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა. გადაცემის მთავარი თემა იყო – სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.
ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად. ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი – რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში. ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი.
რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:
– სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.
– არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.
– პირადი კონტაქტების მოპოვება – ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
– ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.
– დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ”, – წერს მარიკა ბაკურაძე.