ბოლო დღეებში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მაღაზიებმა ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ლოგისტიკური კრიზისის ფონზე, მათი პანიკური შესყიდვა დაიწყო. ასეთ ვითარებაში, საცალო ვაჭრობის ქსელებმა სასურსათო საქონლის გაყიდვა შეზღუდეს. მანამდე ნახევარკუნძულზე საწვავის მიწოდების მწვავე პრობლემა არსებობდა, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მომარაგების მარშრუტებზე უკრაინის თავდასხმებით იყო გამოწვეული. ამის გამო, საწვავი დღემდე ნორმირებულად იყიდება.
„ყველა სამ-სამ შეკვრას ყიდულობს. ამაზე მეტი არ გაიცემა. ხალხში პანიკა იწყება“, -ამბობს ქალი სევასტოპოლის ერთ-ერთ მაღაზიაში წიწიბურის თაროსთან გადაღებულ ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) სამშაბათს გამოაქვეყნა.
„ფაქტობრივად, ბრინჯიც აღარ არის, – აგრძელებს ამ თემაზე საუბარს მამაკაცი სიმფეროპოლის მაღაზიაში, – მაკარონიც თითქმის მთლიანად გაიყიდა. ბენზინის სიტუაციის გამო ხომ ხალხი საერთოდ ჭკუიდან გადავიდა“.
მაქსიმუმ, სამი ბოთლი ზეთი და სამი შეკვრა მაკარონი
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ ბენზინისა და დიზელის ლიმიტირებული გაყიდვა ჯერ კიდევ მაისის ბოლოს შემოიღო. ამის მიზეზი გახდა უკრაინის თავდასხმებმა ყირიმის მომარაგების მთავარ მარშრუტზე, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკულ ნაწილთან ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის გავლით აკავშირებს. ამასთან, საწვავის მიწოდების შეფერხებას უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა დარტყმებმაც შეუწყო ხელი, რის შედეგადაც ანექსირებულ ყირიმში საწვავის მარაგების მიწოდება გართულდა.
ამას, ბოლო დღეებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზოგიერთი საკვები პროდუქტის დეფიციტიც დაემატა. „რადიო თავისუფლების“ თანახმად, ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებიც ადასტურებს.
ბოლო დღეებში მომხმარებლები იტყობინებოდნენ, რომ „იაბლოკოს“ ქსელურ სუპერმარკეტებში შაქარზე, წიწიბურასა და ბრინჯზე შემოიღეს შეზღუდვები, ხოლო „პუდის“ სუპერმარკეტებში შაქარი და მარილი გათავდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია მცენარეული ზეთის შეძენისას შექმნილი სირთულეების შესახებ.
„რადიო თავისუფლება“, უკრაინულ ტელეგრამ-არხ Supernova+-ზე დაყრდნობით, ასევე იუწყებოდა, რომ სევასტოპოლის სუპერმარკეტმა „დობროსტროიმ“ გაყიდვების ლიმიტი დააწესა – მაქსიმუმ, სამი ბოთლი მცენარეული ზეთი და ამავე რაოდენობის მაკარონის შეკვრა ერთ შესყიდვაზე.
ნახევრად ცარიელი თაროების ფოტოები და საკვების დეფიციტის შესახებ ცნობები ადგილობრივ ანგარიშებზეც ჩნდება. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე გამოქვეყნდა ვიდეო სიმფეროპოლის მაღაზია „7M Bezcen“-დან, სადაც ფქვილისა და შაქრის თაროები თითქმის ცარიელია.
„ხალხი ხელისუფლებას არ ენდობა“
„რადიო თავისუფლება“, სევასტოპოლელ ანონიმურ ეკონომისტსა და „ყირიმის გათავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის“ აქტივისტზე დაყრდნობით, იმაზეც საუბრობს, რომ მაღაზიებში გარკვეული საქონლის ნახევრად ცარიელი თაროები, ლოჯისტიკურ პრობლემებზე მეტად, საზოგადოებაში შექმნილი პანიკის შედეგია.
ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ნახევარკუნძული, მათი თქმით, „ძირითადი საქონლით სრულად არის უზრუნველყოფილი“, ხოლო ზოგიერთი საკვები, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივად იწარმოება. თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს.
„ხალხს არ სჯერა ხელისუფლების უნარის, რომ სიტუაციის ნორმალიზება შეუძლია. ადამიანები პანიკაში არიან და საკვებს იმარაგებენ. მსხვილი სავაჭრო ქსელები, რომლებსაც საკუთარი საწყობები და სადისტრიბუციო ბაზები აქვთ, ამ ყველაფერს ჯერ კიდევ უძლებენ, მაგრამ დეფიციტს ისინიც კი აწყდებიან. ხელისუფლება მათ მოუწოდებს, საწყობებიდან მიწოდება დროში გადაანაწილონ, ამიტომ ბოლო დღეებში ზოგიერთ ადგილას დილით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მოთხოვნადი ბურღულეულის ყიდვა, მაგრამ სადილის დროისთვის თაროები უკვე იქაც დაცარიელდა. პენსიონერებმა, ფაქტობრივად, მთელი შაქარი შეისყიდეს“, – ციტირებს გამოცემა ადგილობრვი აქტივისტის ნათქვამს, რომელმაც „რადიო თავისუფლებასთან“ ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
კიევი: რუსეთი ყირიმის მომარაგების უნარს კარგავს
სააგენტო „როიტერი“ ოთხშაბათს, ანონიმურ მოწმეზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ბოლო დღეებში, მართალია, მაღაზიებში ზოგიერთი საკვები პროდუქტის დეფიციტი იყო და მათი გაყიდვა შეიზღუდა, მაგრამ „ახლა თაროები შევსებულია და პანიკის ნიშნები არ შეიმჩნევა“.
„უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „რუსეთი თანდათან კარგავს ოკუპირებული ნახევარკუნძულის ჩვეულ დონეზე მომარაგების უნარს“ და, შესაბამისად, ყირიმი სულ უფრო მეტად ემსგავსება კუნძულს.
„საოკუპაციო ადმინისტრაცია პრობლემის მასშტაბებს მალავს, მაგრამ ნახევარკუნძულის მოსახლეობა ლოგისტიკური იზოლაციის შედეგებს ადგილობრივ მაღაზიებში უკვე გრძნობს“, – დაასკვნის კიევი.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/regaly-jsou-prazdne-lide-na-krymu-v-panice-vykupuji-nektere-potraviny-374435
