სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.
სოსიაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.
„ასეთი გადაცდომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.
რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები, რა დღეში აგდებდა მათ სახელმწიფო, პოლიცია. როგორ დევნიდა მათ ოჯახებს და როგორ გაუმწარეს მათ სიცოცხლე“, – აღნიშნა მან.
