ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ორ კვირაში დამატებით მოიძიეთ 130 მილიონი და 3 ფურცელზე ჩამოწერილი ყველა ჩვენი სურვილი გაითვალისწინეთო, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს მიერ ქალაქის ბიუჯეტის პირველი მოსმენით ჩაგდებას.
„არის არაკომპეტენტური სურვილები, მაგალითად, გვეუბნებიან რომ წყალმომარაგებისთვის 500 ათასი ლარი უნდა დავუმატოთ. წყლით მომარაგება ჩვენი კომპეტენცია არ არის, არის კერძო კომპანია და რუსთაველებმა იციან რომ, სემეკთან ერთად წელს 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე იყო საუბარი და რუსთავისთვის ეს გამოწვევა კერძო კომპანიის მხრიდან ნელ-ნელა დაიძლევა.
ეს ადამიანები დღეს, რუსთაველებს უყენებენ როგორც პოლიტიკურ პირობებს, ასევე თავის პირად საკითხებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცოლ-ქმარი, რომლებსაც პირდაპირ მუხლში აქვთ მითითებული მათი საცხოვრებელი სახლის ლიფტის რეაბილიტაცია უნდა გავითვალისწინოთ, სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები მხარს არ დაუჭერენ იმას, რომ რუსთავში ეს პროექტები განხორციელდეს.
ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. მათი პოლიტიკური ლიდერები რუსთავში არ ცხოვრობენ და ალბათ ძალიან მარტივია მათთვის მისცენ დავალება, რომ შექმენით პრობლემები ქალაქში. მაგრამ, ვიცი რომ შინაგანი დისკომფორტი და მორალური დარდი ამ ადამიანებს აქვთ მეზობლებთან, მეგობრებთან“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად უკვე მეორედ შეიტანა. ქალაქის ბიუჯეტი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად გადაუგზავნა. თუ ბიუჯეტი არ დაამტკიცეს პირველ ეტაპზე გაჩერდება უკვე დაწყებული და დაგეგმილი 27 ინფრასტრუქტურული პროექტი, 34 სოციალური პროგრამა. ვეღარ დაფინანსდება სტუდენტების სწავლის საფასური, მგზავრობა, ასევე, ოპერაციები, უფასო სასადილოები და ორი ათას 500-მდე ბენეფიციარი უფასო სადილის გარეშე დარჩება.