ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც სან-პაოლოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პელე აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის გზავნილები და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების თამაშის ყურებას მას ენერგიას აძლევს.
„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პელე მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. აქვე ნათქვამია, რომ ფეხბურთელის ორგანიზმი კარგად პასუხობს რესპირატორული ინფექციის მკურნალობას.