2023 წლის დასაწყისში, ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა, – ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.