ევროპარლამენტი ჩვენთვის, ქართველებისთვის, პირველ რიგში, ღირებულებებთანაა დაკავშირებული. როდესაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ ასეთ სკანდალებს, რეზოლუციებს, ბუნებრივია, იკარგება ნდობა იმის მიმართ, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას განუცხადა.
ამასთან იგი ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთი გადაყვანის მოთხოვნასაც გამოეხმაურა.
„ამ მცდელობას, რომ უზრუნველყონ სააკაშვილის განთავისუფლება, ერთადერთი მიზანი აქვს. ეს არის საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანა, რათა საბოლოო ჯამში, მიაღწიონ ქვეყნის ჩართვას მიმდინარე ომში. თუმცა პოზიციას ჩვენ ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
