პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როცა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ხელს აწერს დავით კეზერაშვილი, ადამიანების ერთმა კატეგორიამ ყურადღება უნდა მიაქციოს, ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს უერთდებიან.
სარჯველაძე გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
ამასთან, როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი რესურსით მობილიზებული და დარაზმული იყო იმისთვის, რომ გუშინ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე რაღაც სპექტაკლი დაედგა, მაგრამ ეს სპექტაკლი ვერ შედგა.
„ამ განცხადებაში ორი საინტერესო დეტალი იყო – სამედიცინო მდგომარეობის ასახვისას სრულფასოვან სურათს ვერ ქმნის მასში მოყვანილი ფრაგმენტული ამონარიდები, რადგან ზოგიერთი საკმაოდ ძველი ანგარიშებიდან არის მოყვანილი და ახლა რეალობა ცოტა განსხვავებულია იმისგან, რაც განცხადებაშია აღწერილი. განცხადებაზე ხელმომწერი პირები ორ ჯგუფად შეიძლება, დაიყონ – არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, მმართველ პარტიასთან კონფლიქტში არიან. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნა საკითხის არასწორად დაყენებაა. ვისაც რეალურად აწუხებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არა – პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, სჯობს, მისი ჯანმრთელობით დაინტერესდნენ, და თუ მოსათხოვია, მკურნალობის მიწოდება მოითხოვონ და არა – უცხოეთში გაყვანა. როცა განცხადებას ხელს აწერს დავით კეზერაშვილი, ადამიანების ერთმა კატეგორიამ ყურადღება უნდა მიაქციოს, ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს უერთდებიან“, – განაცხადა სარჯველაძემ.