მინდა, როგორც ადამიანმა, მოქალაქემ ვთხოვო ადამიანურად ყველა ჟურნალისტს, ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენ არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში და არ ვაპირებთ ჩარევას. მე არ ვიცი, როდის ახსოვს ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, რომ აქ ზარი ყოფილიყოს პრემიერის ადმინისტრაციიდან ან სხვა ადგილიდან და ეკარნახოთ ესა თუ ის სიუჟეტი.მე მგონი, ასეთი რამ დღეს არ ხდება. სხვათა შორის, როდესაც ამ კითხვას სვამენ, ყოველთვის მომყავს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მაგალითი, რომელიც ხშირად არის ხოლმე კიდევ უფრო კრიტიკული, ვიდრე ყველაზე კრიტიკული კერძო სატელევიზიო მაუწყებლები.
ჩვენ არ ვართ იდეალურები. ახლა მე არ ჩამითვალოთ, რომ რაღაც თავმომწონეობაში ვარ გადავარდნილი. ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს გზა არის პირველ რიგში მენტალური ცვლილების გზა. დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ ჩვენ გვჭირდება კრიტიკული მაუწყებლობა, კრიტიკული მედია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.
მაგრამ, ამავე დროს, მე არ შემიძლია არ გამოვხატო ხშირად საკუთარი გულისტკივილი – მედიასაც უნდა ესმოდეს ხშირად ის გამოწვევები, ის პრობლემები, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ხანდახან არის ხოლმე, რაღა დაგიმალოთ შემთხვევები, როდესაც ძალიან ნეგატივშია ეს ყველაფერი წასული.
მე მინდა, როგორც ერთმა ადამიანმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვთხოვო ყველა ჟურნალისტს ადამიანურად, არა მთავრობისთვის ქულების დაწერა, მე არ მჭირდება არანაირი დითირამბების მღერა ტელეეკრანიდან, პირიქით, რომც იყოს, ძალიან გამაღიზიანებდა, მაგრამ ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია, ადამიანი დილით რომ გაიღვიძებს, საუზმის დროს არ უყუროს წინა საღამოს როგორ ჭამდნენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ეთერში, როგორ იგინებოდნენ და ეჩხუბებოდნენ. ის, რომ იგინებიან და ეჩხუბებიან, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. რაღაცნაირად, ეს კულტურა იქნებ შევცვალოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.