პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, სამაგალითოდ დაესაჯა განსხვავებული აზრის თანაგუნდელები და ცესკოს მიმართა მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც 20 იანვრის ყრილობის მზადებაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი უნდა ყოფილიყო იმისკენ, თუ რა ვერდიქტს გამოუტანდა ივანიშვილის სასამართლო გიგი უგულავას, პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება სამაგალითოდ დაესაჯა განსხვავებული აზრის თანაგუნდელები და მიმართა ცესკოს მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 20 იანვრის ყრილობის მზადებაში. ამგვარი პარტიული წმენდა და მისი შერჩეული დრო აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ამ მცირე დაჯგუფების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ უკიდურესად უღირსი საქციელისა, ყველა მცდელობა, ხელი შეეშალოს 20 იანვრის მრავალათასიან ყრილობას, განწირულია წარუმატებლობისთვის. 20 იანვრის ყრილობა ჩატარდება ღიად, დემოკრატიულად და ასახავს ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი ალტერნატივის – „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრისა და აქტივისტის ნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკოს აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.