საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ავალებს, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები.
„ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.